ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების სწორი ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხებში, რათა მოხდეს ისეთი პრობლემების თავიდან აცილება, როგორიცაა, ნაადრევად სქესობრივი აქტივობის დაწყება, სქესობრივად გადამდები ინფექციები.
სქესობრივი ცხოვრების არსებობის შემთხვევაში, როცა ქალს დროულად არ მოსდის მენსტრუაცია, იგი ხშირად სარგებლობს ორსულობის ექსპრეს-ტესტით, რომლის გამოყენება დამოუკიდებლად ძალიან მარტივია, მაგრამ დადასტურების შემთხვევაში, ეს არ არის საკმარისი. საჭიროა დარწმუნება იმაში, რომ ორსულობა ტიპიურად, საშვილოსნოს ღრუში მიმდინარეობს. ამისთვის, ქალმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით 10-14 დღეში და შესაბამისად ამ დროს განახორციელოს ვიზიტი გინეკოლოგთან სათანადო რჩევა - რეკომენდაციების, დანიშნულების მისაღებად, შემდეგი ვიზიტების დროულად დასაგეგმად, რაც აუცილებელია ორსულობის მიმდინარეობაზე სწორი ზედამხედველობისათვის.
მნიშვნელოვანია წყვილებმა დაგეგმონ ორსულობა, რაც გულისხმობს ორსულობამდე გეგმიური ვიზიტის განხორციელებას გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან (სათანადო კონსულტირებას, საჭიროების შემთხვევაში კვლევების ჩატარებას, ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყებას დროულად და ა.შ). ეს არის ორსულობისადმი სწორი დამოკიდებულება. იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა დგება დაუგეგმავად, ექიმ- გინეკოლოგთან ვიზიტი უნდა განხორციელდეს ადრეულ ვადებზე, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მალე, რათა დროულად მოხდეს ზრუნვა ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
დიახ, ჩვენს კლინიკაში, 12 კვირამდე აღრიცხვაზე აყვანის შემთხვევაში, ორსულებს საშუალება ეძლევათ, ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამით, უ ფ ა ს ო დ ჩაიტარონ: მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია (8-ჯერ), სამეანო ექოსკოპია ( 3 ჯერ), მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები და ტესტირებები. ასევე, უფასოდ განახორციელონ ვიზიტი გინეკოლოგთან მშობიარობიდან 2 კვირაში.
საბედნიეროდ, დღეს ნაკლებადაა ქალები, რომლებიც უარს ამბობენ გინეკოლოგთან ვიზიტზე, თუ რასაკვირველია, ეს არ არის დაკავშირებული მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან. და თუ არიან ისინი, ვისაც უბრალოდ არ უნდა,გაესინჯოს გინეკოლოგს, ვეტყოდით, რომ ეს აუცილებლად საჭიროა, როგორც სათანადო ჩივილების არსებობის შემთხვევებში, ასევე ზოგადი, რუტინული გასინჯვისთვის, რათა მოხდეს შენარჩუნება ჯანმრთელი გინეკოლოგიური სტატუსის, რაც ნიშნავს ქალის, და მაშასადამე, ჩვენი მომავლის სიჯანსაღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ქალმა 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გასინჯვა (შემოწმება) გეგმიურად, რუტინულად;
ქალს, რომელიც ეწევა სქესობრივ ურთიერთობებს, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ფონური დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით, 12 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ე. წ. პაპ-ტესტი (ცერვიკალური ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა).
აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტის განხორციელება სხვადასხვა გინეკოლოგიური, ე.წ. ქალური ჩივილების დროს, როგორიცაა: ნებისმიერი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა მესამედში (მენსტრუალური თუ არამენსტრუალური); ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს; გენიტალური გზებიდან სხვადასხვა სახის გამონადენი: სისხლიანი, ჩირქოვანი, არასასიამოვნო სუნით და. ა.შ.; გარეთა სასქესო ორგამოების მიდამოში წვა, ქავილი, ხანგრძლივი დისკომფორტის არსებობა; მენსტრუაციის მოსვლამდე რამდენიმე დღის მანძილზე გამოხატული სხვადასხვა სახის ჩივილები,რასაც შეიძლება ჰქონდეს ყოველთვიური ხასიათი; მენსტრუაციული ციკლის დარღვევები.
ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს მაშინ, როცა კონტრაცეფციის გარეშე წყვილის სქესობრივი თანაცხოვრებისას, გადის ერთი წელი ან/და მეტი და სასურველი ორსულობა არ დგება.
კლიმაქტერულ პერიოდში. როცა დგება მენოპაუზა. მართალია, ეს ბუნებრივი პერიოდია ქალის ცხოვრებაში, მაგრამ ვინაიდან ხშირად მას თან ახლავს სხვადასხვა სახის ჩივილი, რაც აუარესებს ქალის "ცხოვრების ხარისხს," საჭიროა გინეკოლოგისგან იმ რჩევა - რეკომენდაციების ან/და დანიშნულების მიღება, რაც ჰარმონიულობასა და სიმშვიდეს შესძენს შემდეგ წლებს ქალის ცხოვრებაში.